Monday, May 21, 2012

მნიშვნელოვანი პროექტი მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც

მაკულიტერატურა - მნიშვნელოვანი პროექტი მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც

"ჩვენ გვინდა გვქონდეს წიგნიც და შევინარჩუნოთ გარემოც"

"ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს"

"დაე, ერქვას "მოდური", იყოს მოდაში გარემოს დაცვაც და წიგნის კითხვაც!"
წიგნის ფესტივალი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა, რომელსაც წლიდან წლამდე ელოდება საზოგადოების დიდი ნაწილი. ლიტერატურის ფართო არჩევანი - თან ფასდაკლებით, საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, აქციები - ეს ყველაფერი წიგნის მოყვარულებს ფესტივალის ფარგლებში მოელის 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ფესტივალს კვლავინდებურად საგამოფენო ცენტრი ექსპო-ჯორჯია უმასპინძლებს. ამჯერად გამომცემლობა "პალიტრა L" ორ პავილიონში იქნება წარმოდგენილი - VI და XI პავილიონებში. ის წელსაც არაერთ საინტერესო წიგნსა და ღონისძიებას შესთავაზებს მკითხველს. XI პავილიონში გაიმართება "პალიტრა L"-ის ახალი წიგნების პრეზენტაციები - "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის, ახალი, 3D-ფორმატიანი "ვეფხისტყაოსნისა" და სხვ. 

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნის სერიები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებთან ერთად იღებდა მკითხველი, ფესტივალზე აქციის ფასად გაიყიდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფასდაკლება იქნება. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საგამოფენო სივრცეში ბავშვებსაც ელით სიურპრიზი - მათ დისნეის პერსონაჟები უმასპინძლებენ და წიგნის სამყაროსთან ზიარებას გაუადვილებენ. 

მაგრამ წლევანდელ წიგნის ფესტივალზე მაინც განსაკუთრებული იქნება პრეზენტაცია ახალი პროექტისა - "მაკულიტერატურა", რომელიც თავისი მნიშვნელობით გადის წიგნის ფესტივალის თუ ზოგადად წიგნის სიყვარულის ფარგლებიდან და გლობალურ მასშტაბს იღებს. 

მაკულიტერატურის შესახებ გვესაუბრება "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია:
- წიგნის ფესტივალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მას განსაკუთრებით ელოდებიან წიგნის მოყვარულები, ამიტომაც ყველა გამომცემელი გულმოდგინედ ემზადება ამ დღეებისათვის. ჩვენდა საამაყოდ, გვინდა განვაცხადოთ, რომ ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტს - მაკულატურა ლიტერატურის სანაცვლოდ, ანუ მაკულიტერატურა. ეს ჩემი ძალიან დიდი ხნის ინტერესია - გასული საუკუნის 90-იან წლებში ვიყავი მოძრაობა "მწვანეების" ერთ-ერთი დამფუძნებელი... ყველაზე მეტად მაინტერესებდა ის, რაც მსოფლიოსთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო - გადამუშავების პრობლემა. ბუნებრივი რესურსები არ არის ულევი, ამიტომ მსოფლიო ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს ის და, შესაბამისად, როგორც გადარჩეს თვითონ. 1992 წელს პირველად გავაკეთეთ ძალიან დიდი მარათონი - "გადავარჩინოთ ბუნება". გავხსენით პუნქტები, სადაც მიგვქონდა მაკულატურა, ჩვენც ვიცილებდით არასაჭირო ძველ რვეულებს თუ ჟურნალ-გაზეთებს და ბუნებასაც ვიცავდით განადგურებისგან. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება გადაარჩენს 17 ხეს. ამის შედეგად დაიზოგება 26 კუბმეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწის მოცულობა. გახშირებულ ბუნებრივ კატასტროფებს ხშირად ადამიანის არასწორი მოქმედება უკეთებს პროვოცირებას. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის ხე იჩეხება იმ ლიტერატურის დასაბეჭდად, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს, ან იმ რვეულების გამოსაშვებად, რომელიც ასე გვჭირდება. ერთი ტონა ქაღალდისგან მზადდება 21 000 ცალი სასკოლო რვეული, რომელიც შემდეგ იყრება...

თუ გადასაყრელად გამზადებული მაკულატურა დაგვიბრუნდება და გადამუშავდება, სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება ბუნების დასაცავად. ჩვენ გვინდა გვქონდეს წიგნიც და შევინარჩუნოთ გარემოც. სწორედ ამას ემსახურება მაკულიტერატურა. პროექტის პრეზენტაცია შედგება წიგნის ფესტივალზე. ყველას შეეძლება მოიტანოს მაკულატურა და უფასოდ გადაცვალოს წიგნებში, რომელსაც ამ აქციის ფარგლებში შევთავაზებთ მომხმარებელს. მაკულატურის მიღება დაიწყება 5 კილოგრამიდან...

- ეს მაკულატურა სად წავა?

- უკვე მოველაპარაკეთ უცხოურ ქაღალდის გადამმუშავებელ საწარმოებს, მაკულატურას გადაიტანენ იქ, სადაც შესაბამისი საწარმოა. იმედია, დადგება დრო, როცა ქვეყანაში გვექნება გადამმუშავებელი ქარხანა... 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტია. ყველა ქვეყანაში დიდ ყურადღებას აქცევენ მეორადი ნედლეულის გადამუშავებას. შეიძლება ითქვას, ეს ახლა ძალიან მოდურია. ეს სიტყვა ვერ გამოხატავს მის არსს, მაგრამ დაე, ერქვას "მოდური", იყოს მოდაში გარემოს დაცვაც და წიგნის კითხვაც!

ასევე იხილეთ