Friday, May 25, 2012

"ვეფხისტყაოსნის" 3D გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა





თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "ვეფხისტყაოსნის" სამგანზომილებიანი(3D) გამოცემის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას წიგნის შემქმნელებიც ესწრებოდნენ. როგორც წიგნის იდეის, შემეცნებითი და ადაპტირებული ტექსტების ავტორმა, პროფესორმა რამაზ ჭილაიამ განაცხადა, ამ ფორმის გამოცემა საუკეთესო საშუალებაა, რომ ბავშვმა წიგნთან მისვლა ადრეული ასაკიდან დაიწყოს.



"ილია ბრძანებს, თუ რამე სიახლე ჩნდება და მისაღებია, ყველასთვის მისაღებიაო. 3D ფორმატი ჩვენ არ მოგვიგონია, უბრალოდ, ქართულ ნიადაგს მოვარგეთ. ვიღაც შეიძლება შემოგვედავოს, როგორ იქნება უკეთესი, მაგრამ მთავარია, გამოცემა შედგა", - განაცხადა რამაზ ჭილაიამ და აღნიშნა, რომ წიგნი ძალიან ინფორმაციულია.

პროექტის მენეჯერი, წიგნის კონსტრუქტორი და დიზაინერი დაჩი გრძელიშვილი კი აღნიშნავს, რომ ამ წიგნის მეშვეობით მკითხველი "ვეფხისტყაოსნის" შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს.

"ეს არის მოგზაურობა შოთა რუსთაველის სამყაროში. ვეცადეთ, თავი მოგვეყარა ყველა იმ ინფორმაციისთვის, რაც შეიძლება რუსთაველისა და "ვეფხისტყაოსნის" გმირების გარშემო არსებობდეს. ეს არის პირველი ქართული სამგანზომილებიანი პროდუქტი, ინტერაქტიულია და არის უამრავი საინტერესო ჩანართი. არის მოცულობითი ქაჯეთის ციხე, ავთანდილის ანდერძი და ბევრი საინტერესო რამ", - აღნიშნა დაჩი გრძელიშვილმა.
"ვეფხისტყაოსნის" სამგანზომილებიან გამოცემაზე, თბილისის წიგნის ფესტივალზე, "პალიტრა L"-ის მთავარ სტენდზე - "ექსპო-ჯორჯიას" მე-6 პავილიონში, ფასდაკლება მოქმედებს. მისი გაცვლა მსურველებს, პროექტ "მაკულიტერატურის"ფარგლებში, 100 კილოგრამ მაკულატურაზეც შეუძლიათ.

ასევე იხილეთ